სასტუმრო „ბილტმორთან“ დასაქმების მსურველთა რიგია

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორთან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი იმართება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის, სასტუმროსთან დასაქმების მსურველთა რიგი დგას.

ფორუმზე წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი 60 კომპანია და დარეგისტრირებულია 1600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან შშმ პირები, დევნილები და ის ადამიანები, რომლებიც პარალელურად შეთავსებით სამსახურს ეძებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ასევე მაღალია ჩართულობა კომპანიების მხრიდან.

მისივე განმარტებით, ამჟამად ვაკანსია 400-ზე მეტ პოზიციაზეა გამოცხადებული. მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებიდან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობითა და ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და ერთი დასაქმების ფესტივალი გაიმართა. მე-14 ფორუმი კი რომელიც „ბილტმორში“ ტარდება, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული.

„ამ ფორუმების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.  ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობამ 1400-ს მიაღწია, მათ შორის არის 83 შშმ პირი. სუბსიდირების შედეგად დასაქმდა 49 ადამიანი და სახელმწიფო მათ ოთხი თვის განმავლობაში 460 ლარს გადაუხდის”- განაცხადა სოფრომაძემ.

რამდენი ადამიანი დასაქმდება დღეს გამართული ფორუმის შედეგად, ამის შესახებ ინფორმაცია ერთ თვეში გახდება ცნობილი.