სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის ხელშემწყობ პროგრამაში განაცხადების მიღების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის ხელშემწყობ პროგრამაში განაცხადების მიღების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50 პროცენტს, არაუმეტეს 150 000 ლარის შეადგენს.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს, პაის, აქციას.

პროგრამა საპილოტეა. მასში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 28 მარტს და 5 აპრილამდე გაგრძელდება. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი კი, უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ფერმერებისა და მეწარმეების მხრიდან პროგრამაში ჩართვის უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მიღებული განაცხადების განხილვა უკვე დაწყებულია“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელდება.