სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო რამდენიმე პროგრამას ახორციელებს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო რამდენიმე პროგრამას ახორციელებს

კოოპერაციული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას – ამის შესახებ აღნიშნულია ანტიკრიზისულ გეგმაში – „ზრუნვა სოფელზე, ფერმერებზე“.

ანტიკრიზისულ გეგმის დეტალებზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

გეგმის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები, რაც სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის მხარდაჭერას გულისხმობს. კონკრეტულად, ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის იმ აღჭურვილობის შეძენის დასაფინანსებლად, რომლის საშუალებითაც წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება.

„სახელმწიფო პროგრამა ასევე დაეხმარება კოოპერატივებს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და წარმოებული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებით; სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის“, – ნათქვამია ანტიკრიზისულ გეგმაში.

ასევე რძის წარმოებაში ჩართული მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერების, მათი შემოსავლების ზრდისა და მაღალხარისხიანი, უვნებელი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების მიზნით, ხორციელდება კოოპერაციული საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროგრამები. ანტიკრიზისულ გეგმაში აღნიშნულია, რომ რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული მძლავრი საწარმოების შეიქმნება ახალქალაქის, დმანისისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებშო.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დარგობრივ პროგრამებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის გათვალისწინებულია დამატებით 10 პროცენტიანი თანადაფინანსება.