სასჯელაღსრულების სამინისტრო - პენიტენციური დაწესებულების დებულება არ ითვალისწინებს რელიგიური შესამოსელის გადაცემისა და გამოყენების შესაძლებლობას
სასჯელაღსრულების სამინისტრო - პენიტენციური დაწესებულების დებულება არ ითვალისწინებს რელიგიური შესამოსელის გადაცემისა და გამოყენების შესაძლებლობას

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, შეხვდეს სასულიერო პირებს, ისარგებლოს შესაბამისი საკულტო საგნებითა და ლიტერატურით.

როგორც პირველ არხს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადების საპასუხოდ უწყებიდან აცნობეს, N9 პენიტენციური დაწესებულების დებულება არ ითვალისწინებს რელიგიური შესამოსელის გადაცემისა და გამოყენების შესაძლებლობას.

პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც განთავსებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, წარმოადგენს დახურული ტიპის დაწესებულებას. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები რელიგიურ რიტუალებს აღასრულებენ საკუთარ საკნებში და დადგენილი წესის მიხედვით აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ სასულიერო პირებს. შესაბამისად, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებლობა აქვს შეხვდეს სასულიერო პირებს, ისარგებლოს შესაბამისი საკულტო საგნებითა და შესაბამისი ლიტერატურით.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის რელიგიურ შესამოსელზე საუბრობს, უწყება განმარტავს, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დებულებით უსაფრთხოებისა და სარეჟიმო მოთხოვნების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე დეტალურად და ამომწურავად არის დადგენილი ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთების, რომლებიც შესაძლებელია ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად. აღნიშნული ჩამონათვალი არ ითვალისწინებს რელიგიური შესამოსელის გადაცემის და გამოყენების შესაძლებლობას“, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.