სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება. შესაბამის ცვლილებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება, ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია პატიმართა კვებაზეც. პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამჟამად ყოველდღიურად განსაზღვრული კვების რაოდენობა გახდება მინიმუმი და იქნება არანაკლებ სამჯერადი.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტში საუბარია განათლების უფლებაზეც. კანონპროექტის მიხედვით, ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა (ამჟამად ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული და ის დაბალი რისკის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში).

„მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას მიიღებს: ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით ან კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისთვის სასწავლო მასალის მიწოდებით, წერილობითი ფორმების გამოყენებით“, – ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაძლებელი იქნება, ბრალდებულის ჩართვა ბრალდებულთა მხარდამჭერ პროგრამებში, მისივე თანხმობით, ბრალდებულის სტატუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით.