საშა სკოტი - საქართველოს პირველმა არხმა უკვე დიდი ხანია, წარმატებულად დაიწყო მომავლის გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა
საშა სკოტი - საქართველოს პირველმა არხმა უკვე დიდი ხანია, წარმატებულად დაიწყო მომავლის გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა

საქართველოს პირველმა არხმა უკვე დიდი ხანია, წარმატებულად დაიწყო მომავლის გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა, – ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელმა, საშა სკოტმა განაცხადა.

როგორც საშა სკოტმა აღნიშნა, საქართველოს პირველ არხზე ერთდროულად ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება.

„ვხედავთ არხს, რომელსაც გეზი მომავლისკენ აქვს, 5-10 წლით წინაც კი. ვეცნობით სიახლეებს და მოხარულები ვართ, ჩვენი გამოცდილება თანამშრომლობისა და მეგობრობის ფარგლებში ჩვენს ქართველ კოლეგა მაუწყებელს გავუზიაროთ. დღეს ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და ვცდილობთ ისეთი მედია კომპანიების აშენებას, რომელიც საზოგადოების მოთხოვნილებებზე იქნება ორიენტირებული და დიგიტალურ მომავალში, რომელიც უკვე დღევანდელობაა, მაყურებლისთვის მაქსიმუმს გააკეთებს. საქართველოს პირველმა არხმა უკვე დიდი ხანია, წარმატებულად დაიწყო მომავლის გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა“, – განაცხადა საშა სკოტმა.

საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია სტუმრობს. ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი ვოუთერ კარტიე საქართველოში შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან მართავენ. ვიზიტი ასევე დაგეგმილია ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან.

დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოში 11-15 ოქტომბერს მართავენ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის შეფასებაა, რის შემდეგაც დაიგეგმება იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მაუწყებელს არსებული გამოწვევების დაძლევაში და ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის შესახებ EBU-ს გამოცემაში PLAYBOOK დაიწერა და ის სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითად შეფასდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი და ორგანიზაციასთან მჭიდრო, მრავალმხრივი და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს.