სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ხუთი მოქალაქე დააკავეს

11:04, 05.12.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორ „გუგუთის“, „სადახლოსა” და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ა.ვ., 1997 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1977 წელს დაბადებული ქ.ო., ასევე, საქართველოს ორი მოქალაქე – 1976 წელს დაბადებული მ.კ. და 1993 წელს დაბადებული კ.ლ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ა.ვ. და ჰ.ს. უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, ბრალდებულმა ქ.ო.-მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოში, ხოლო ბრალდებულებმა მ.კ.-მ და კ.ლ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“, – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი