სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების კურსი გაიარეს
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური ორთვიანი პროფესიული კურსი გაიარეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, პროგრამა განკუთვნილი იყო სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის პროცესში დრონების ოპერირება დაევალებათ.
„კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, მათ შორის: საფრენი მარშრუტების დაგეგმვას, ფრენის კონტროლს, დაკვირვებას, ძებნა-დევნის ოპერაციებსა და მონაცემთა შეგროვებას დღის და ღამის პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის კონტროლის პროცესში დრონები სატესტო რეჟიმში გამოიყენეს.
აღნიშნული პრაქტიკის წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამისი მოსამზადებელი კურსი გაიარეს.
თვის ბოლოდან სანაპირო ზოლის კონტროლის პროცესში დრონების გამოყენება აქტიურად დაიწყება.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.