სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის წარმომადგენლებმა ბათუმში ეროვნულ საზღვაო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ბათუმში ფართომასშტაბიან ეროვნულ საზღვაო წვრთნაში – GEO SAR & OSR EX 2026 – მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, წვრთნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და საზღვაო ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის მიმართულებით უწყებების ერთობლივი მოქმედებების ეფექტიანობის შემოწმებას ისახავდა მიზნად.
„წვრთნის ფარგლებში შემოწმდა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები, ასევე მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების ეფექტიანობა.
სავარჯიშო სცენარით გათვალისწინებული ღონისძიებები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრთან (JMOC) კოორდინაციით განხორციელდა. ცენტრი ოპერაციის მიმდინარეობისას უწყებებს შორის ინფორმაციის დროულ გაცვლასა და ერთიანი, კოორდინირებული რეაგირების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. წვრთნაში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
GEO SAR & OSR EX 2026-ის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი სწავლებები მონაწილე უწყებების მზადყოფნის, ოპერატიული კოორდინაციისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.