სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე სპეციალური აღჭურვილობის შესაძლებლობებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე პირადად გაეცნო.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და რადიოსაკომუნიკაციო სისტემის განახლება. ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს სანაპირო დაცვის მოთხოვნებს და კავშირის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA), საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სანაპირო დაცვისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.