სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა
სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2,74 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზღვარზე ლოგისტიკურ პროცესებს – ხელს შეუწყობს მესაზღვრეების როტაციისა და სასაზღვრო სექტორების პროდუქტითა და საჭირო ინვენტარით მომარაგების პროცესს.

„აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერას მისი შესაძლებლობების გაძლიერების, კერძოდ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.