სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას – 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა. ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა – ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.