სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებზე 100 პარალელური აუქციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებზე 100 პარალელური აუქციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების პრივატიზების მიზნით, 100 პარალელურ აუქციონს გამოაცხადებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პირველი ეტაპის შედეგების შესაბამისად, წარმატებული აღმოჩნდა. შესაბამისად, ეკონომიკის უწყებამ პრემიერისგან პროგრამის გაფართოების შეთავაზება მიიღო.

„მივიღეთ შეთავაზება პრემიერ-მინისტრისგან, გავაფართოვოთ პროგრამის არეალი და მოვიცვათ არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებიც. ეს აუქციონები დღემდე ტრანსფარენტულად იმართება, მაგრამ უფრო მასშტაბურად 100 პარალელური აუქციონი მომზადდება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. გაიმართება 100 აუქციონი და იქნება გამჭვირვალობის იგივე დონე“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, წიაღისეულის გადამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი ვალდებულება იქნება.

„ძირითადი ღირებულება უნდა რჩებოდეს საქართველოში და ხდებოდეს არა მხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავება. გადამუშავების მოთხოვნის გამო, სულ მცირე, დარგში 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, მათ შორის პირველ რიგში გადამამუშავებელ სიმძლავრეებზე და 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადა მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.