სასამართლოში რუსთაველის გამზირზე 30 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დავით გოგილაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე 30 ნოემბერს მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დავით გოგილაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
პროცესს ექვსი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე გოგილაშვილმა განაცხადა, საელჩოების წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრების სურვილი თავად გამოთქვეს. მისი თქმით, პროცესს ესწრებიან ჩეხეთის, ევროკავშირის, ესტონეთის, ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და დანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დავით გოგილაშვილი აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ლესია უკრაინკას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მისივე თქმით, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გოგილაშვილის განმარტებით, ის უსამართლოდ დააკავეს და ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცხვირი გაუტეხეს და ტვინის შერყევა მიიღო.
მისივე თქმით, იზოლატორთან 9-საათიანი ლოდინის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ეს უკვე წამება, დაშინება იყო, რომ მეორედ აქციაზე გასვლა არ გამებედა“, – აცხადებს გოგილაშვილი.
დავით გოგილაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, კერძოდ კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.