სასამართლოში „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი კომპანიების დირექტორების გამოკითხვა დასრულდა
სასამართლოში „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი კომპანიების დირექტორების გამოკითხვა დასრულდა.
მოსამართლის თანდასწრებით დღეს კიდევ ერთი კომპანიის, „ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე გამოიკითხა.
გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შინაარსზე მხარეები არ საუბრობენ. ცნობილია, რომ კითხვები დაისვა იმ აუდიოჩანაწერებში გაჟღერებულ ინფორმაციებზე, რომლებიც მედიაში გავრცელდა და, რომელთა ავთენტურობასაც გამოძიება სწავლობს.
„ომეგას“ ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ მოწმეებმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდეს და ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, კონკრეტულ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება.
საქმის პროკურორის, გიორგი ოსაძის განცხადებით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია აუდიოჩანაწერები, ასევე იკითხებიან მოწმეები და პარალელურად სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.