სასამართლოში „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების დირექტორები დაკითხეს
სასამართლოში „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების დირექტორები დაკითხეს

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ორი დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით პროკურორმა და გამომძიებელმა დაკითხეს.

რა კითხვები დაისვა მოწმეების მიმართ და რა შინაარსის ჩვენება მისცეს მათ გამოძიებას, ამაზე მხარეები არ საუბრობენ. „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ საუბარი შეეხო იმ ინფორმაციებს, რომელიც მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ისმის.

„ორი მოწმე დაიკითხა, მესამე მოწმის დაკითხვა ვერ მოესწრო და ხვალ დილისთვის გადაიდო. აღნიშნულმა მოწმეებმა ნამდვილად გამოიჩინეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ინფორმაციები მიაწოდეს გამოძიებას, როგორც ჩანაწერებთან დაკავშირებით, ასევე იმ ინფორმაციებზე, რომელიც ჩანაწერებში არ ისმის. მათ ისაუბრეს კონკრეტულ ფაქტებზე, სად, როდის, რა ვითარებაში განხორციელდა გარკვეული ქმედებები. ასევე, ისაუბრეს კონკრეტულად პიროვნებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, შემდგომ უკვე გამოძიება უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, თუ მათ პოლიტიკური ნება ეყოფათ, რომ რეალურად ლევან ყიფიანი არ იყო საქმის მთავარი ფიგურანტი, ლევან ყიფიანით არ იწყებოდა და არ მთავრდებოდა ქმედება. რეალურად, ლევან ყიფიანი მოქმედებდა საკმაოდ გავლენიანი პიროვნებებით, რომელსაც შეეძლოთ როგორც „ომეგა ჯგუფისათვის“ შეექმნათ ხელოვნური პრობლემები, ასევე ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემები მოეხსნათ „ომეგა ჯგუფისათვის“. კერძო პირებს არ შესწევთ იმის ძალაუფლება, რომ ხელოვნურად შექმნათ ის ბარიერები, რომელიც კომპანიის წინააღმდეგ იყო, რა თქმა უნდა, გაჟღერებული იყო კერძო პირებიც და ასევე ისინიც, რომელთაც ძალუძს ასეთი ქმედებების განხორციელება. ჩვენ არ გვისაუბრია ამ ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მოწმეებმა ისაუბრეს იმ ინფორმაციაზე, რომელიც ამ ჩანაწერებშია“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

საქმის პროკურორის გიორგი ოსაძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მედიაში გავრცელებული ყველა ჩანაწერი.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მასმედიაში აუდიოჩანაწერის გავრცელების საფუძველზე დაიწყო, დღეს მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ორი კომპანიის დირექტორი. მათ უპასუხეს ყველა იმ შეკითხვას, რაც დასმული იყო გამოძიების მიერ. დაკითხვის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ.

მასმედიის საშუალებით როდესაც გავრცელდა აუდიოჩანაწერი, მაშინ დაიწყო გამოძიება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა. შემდეგ, 21 სექტემბერს გავრცელდა ახალი აუდიოჩანაწერი და მასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. ამ ჩანაწერთან დაკავშირებითაც მოწმეებს დაესვათ კითხვები. გამოძიებას ერთვის სხვა აუდიოჩანაწერებიც და მიმდინარეობს მათი შესწავლაც“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი ოსაძემ.

მოწმის სტატუსით „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კიდევ ერთი კომპანიის დირექტორის დაკითხვა ხვალ, 10:00 საათზე იგეგმება.