სასამართლოს თანხმობის საფუძველზე მოვაჭრის ქმედების დროებით შეჩერება იქნება შესაძლებელი
სასამართლოს თანხმობის საფუძველზე მოვაჭრის ქმედების დროებით შეჩერება იქნება შესაძლებელი

სასამართლოს თანხმობის საფუძველზე მოვაჭრის ქმედების დროებით შეჩერება იქნება შესაძლებელი, რომლის მიმართაც საქმის შესწავლა დაიწყება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“  კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღებს, თავის მხრივ კი, შუამდგომლობა მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს და დასაბუთებას შესაბამისი ღონისძიების გამოყენების საჭიროებაზე. ამასთან, შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს მოვაჭრის ზუსტი მონაცემები და კონკრეტული ქმედების შინაარსი.

„სააგენტოს მიერ საქმის შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ პრაქტიკასთან, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება, გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, სააგენტოს შეუძლია, სასამართლოს მიმართოს, მოვაჭრის ქმედების დროებითი შეჩერების შესახებ შუამდგომლობით და დასაბუთებით, რომ ასეთი ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით“, – აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტი ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტის ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ბრძანების სააპელაციო სასამართლოში ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას,  მხარისთვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – თამარ ხულორდავა, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, გიორგი ხატიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი და ენძელა მაჭავარიანი.