სასამართლოს საწინააღმდეგო განკარგულების მიუხედავად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელური დანაშაულებრივი დაჯგუფების სავარაუდო წევრები გაადეპორტა
სასამართლოს საწინააღმდეგო განკარგულების მიუხედავად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელური დანაშაულებრივი დაჯგუფების სავარაუდო წევრები გაადეპორტა

სასამართლოს საწინააღმდეგო განკარგულების მიუხედავად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელური დანაშაულებრივი დაჯგუფების სავარაუდო წევრები გაადეპორტა.

მოსამართლემ ჯეიმს ბოსბერგმა დაბლოკა პრეზიდენტ ტრამპის განკარგულება ვენესუელური დაჯგუფების 200-ზე მეტი სავარაუდო წევრის სწრაფი დეპორტაციისთვის „უცხო მტრების აქტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით. მოსამართლემ აღნიშნული კანონის გამოყენება 14 დღით შეაჩერა იმ მოტივით, რომ აღნიშნული აქტი ომის შესაბამის მტრულ ქმედებებს ეხება.

„ერთი ქალაქის ერთი მოსამართლე ვერ უხელმძღვანელებს უცხოელი ტერორისტებით სავსე თვითმფრინავის გადაადგილებას, რომლებიც ფიზიკურად გააძევეს შეერთებული შტატების მიწიდან“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებაში.

მისი თქმით, ფედერალურ სასამართლოებს, ზოგადად, არ აქვთ იურისდიქცია იმაზე, როგორ აწარმოებს პრეზიდენტი საგარეო საქმეებს, რაც, მისი თქმით, არაერთხელ განმარტა უზენაესმა სასამართლომ.

შეკითხვაზე, დაარღვია თუ არა მან სასამართლოს დადგენილება მიგრანტების დეპორტაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „შემიძლია, გითხრათ შემდეგი: ისინი იყვნენ ცუდი ადამიანები“.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას აქვს უფლება, გამოიყენოს ომისდროინდელი კანონი, რადგან იმიგრაციის მზარდი მაჩვენებელი ომის ტოლფასია.

„ეს არის ომი. ბევრი თვალსაზრისით, ეს ომზე უფრო საშიშია, რადგან თქვენ იცით, ომში უნიფორმას ატარებენ. თქვენ იცით, ვის ესვრით, თქვენ იცით, ვის მისდევთ“, – თქვა ტრამპმა.

მოსამართლე ბოსბერგმა ასევე დაადგინა, რომ ყველა რეისი, რომლის ბორტზეც აღნიშნული აქტის ფარგლებში დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებიან, უკან უნდა დაბრუნდეს.

თუმცა მოგვიანებით, სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადმოჰყავთ უსაფრთხოების ძალებს თვითმფრინავიდან აშშ-დან დეპორტირებული პირები.

მანამდე მან სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა აშშ-ის ფედერალური მოსამართლის განკარგულების შესახებ ინფორმაცია და დაწერა: „მეტისმეტად გვიანია“.

სალვადორის პრეზიდენტის თქმით, პირველი რეისით აშშ-დან განხორციელდა დაჯგუფება Tren de Aragua-ს 238 წევრის დეპორტაცია. ამას გარდა, აშშ-მა სალვადორის მართლმსაჯულებას გადასცა დაჯგუფება MS-13-ის 23 წევრი, რომლებზეც ქვეყანას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

„ჩვენ გავაგრძელებთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამჯერად ჩვენ ასევე ვეხმარებით ჩვენს მოკავშირეებს, ჩვენი სასჯელაღსრულების სისტემას უფრო მდგრადს ვხდით და ვიღებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას, რათა ჩვენი ქვეყანა უფორო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ“, – წერს სალვადორის პრეზიდენტი.

მისი განცხადება გააზიარა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სალვადორის ლიდერს დახმარებისა და მეგობრობისთვის.