თბილისის მერიას 2016 წლის მარტში გათავისუფლებული 12 დირექტორისთვის კომპენსაციის სახით 24-24 ათასი ლარის გადახდა დაევალა
თბილისის მერიას 2016 წლის მარტში გათავისუფლებული 12 დირექტორისთვის კომპენსაციის სახით 24-24 ათასი ლარის გადახდა დაევალა

საქალაქო სასამართლომ 2016 წელს განთავისუფლებული საბავშვო ბაღების 12 დირექტორის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას თითოეული განთავისუფლებული დირექტორისთვის კომპენსაციის სახით 24 ათასი ლარის გადახდა დაევალა. რაც შეეხება თანამდებობაზე აღდგენას, ამ ნაწილში ყოფილი დირექტორების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დირექტორები თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

„ქალაქ თბილისის 12 ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო. თორმეტივე მათგანის გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. ახლა რაც შეეხება აღდგენასთან დაკავშირებით, სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღდგენის ნაცვლად თითოეულ მათგანს განუსაზღვრა 24-ათას ლარიანი კომპენსაცია. მათ ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი გადასახდელი სახელმწიფოსათვის. ასევე მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა ადვოკატის ჰონორარი თითოეულის ნაწილში სამასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.

12 საბავშვო ბაღის დირექტორი მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე 2016 წლის მარტში გაათავისუფლეს.