სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციული იყო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციული იყო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება დაადგინა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მუსლიმი თემის სარჩელი ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადასტურა დისკრიმინაციის შემთხვევა და ქალაქის მერიას დაავალა ხელახლა განიხილოს დოკუმენტაცია, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის პირველი ეტაპის დაკმაყოფილებაზე მუნიციპალიტეტმა უარი უთხრა.

„მერიის პოზიციით, მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნა იყო ქალაქის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ე.წ. მე-6 ზონას ეკუთვნის და იქ პრიორიტეტულია საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, თუმცა იმავე ტერიტორიაზე საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში აგებულია შვიდი ეკლესია, რომელთაგან სამი უშუალოდ მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზეა აგებული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს განსხვავებულ, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დისკრიმინაცია დადგინდა ამ კონკრეტული შემთხვევისთვის და ეს არ უნდა იყოს გაგებული, როგორც სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური უმცირესობების მიმართ სისტემური დამოკიდებულება“, – განაცხადა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი და ქართველ მუსლიმთა კავშირი მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩნენ. ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დისკრიმინაციის აღიარება იყო მნიშვნელოვანი მოვლენა და ისინი სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

„კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით, თუ მერია დოკუმენტებს გადახედავს და ისევ უარს იტყვის, მაშინ ჩვენ ჩვენი ძალებით შევეცდებით ავაგოთ მეჩეთი, გამოვა 10 ათასი კაცი და უნებართვოდ დაიწყებს მშენებლობას“, – განაცხადა ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელმა ნოდარ პაქსაძემ.

გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უკმაყოფილო დარჩნენ და მის გასაჩივრებას არ გამორიცხავენ მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. როცა დადგენილია დისკრიმინაცია, იქ სასამართლოს პირდაპირ უნდა დაევალებინა მერიისთვის პირველი სტადიის დაკმაყოფილება. გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ანზორ ხატიაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი არ დასწრებია.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას მუსლიმი თემი წლებია ითხოვს. მათ საკუთარი სახსრებით შეიძინეს მიწის ნაკვეთიც, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის პირველივე ეტაპზე, მუსლიმ თემს უარი განუცხადა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში.