სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12, ხოლო ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა
ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილსა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გრიგოლ ივანეიშვილს მოსამართლის გადაწყვეტილებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება თეიმურაზ ჩოჩუას, მას სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან სამი წელი პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ოთხი წელი პირობითი მსჯავრი.
გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
„ბრალდება იყო დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა, რომ გრიგოლ ივანეიშვილს ჩადენილი ქონდა აღნიშნული დანაშაული. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება კატეგორიულად ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, მე დარწმუნებული ვარ, ზემდგომი ინსტანციები ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გააუქმებენ“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
„სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის პოზიცია და ორივე ბრალდებული ცნო დამნაშავედ. თეიმურაზ ჩოჩუა ცნობილი იქნა დამნაშავედ ქრთამის აღებაში დახმარებაში. მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განესაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამი წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ოთხი წელი განესაზღვრა პირობით. ასევე განესაზღვრა ჯარიმა და თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა, რაც შეეხება გრიგოლ ივანეიშვილს, ის ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ ქრთამის აღებაში დიდი ოდენობით და სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე მას ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება“, – განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.
სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.