სასამართლომ „წიგნების თაროს“ მონაწილე ნიკა ბერიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა, სანდრო მეტრეველს კი 2 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ნიკა სვანიძის პროცესი გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის არიან საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ სამი მონაწილე – სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე.
ნიკა ბერიძე მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. სანდრო მეტრეველი კი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მას 2 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სანდრო მეტრეველი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას.
ნიკა სვანიძის პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება. სასამართლოში იმყოფებიან პროექტის სხვა მონაწილეები და მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს. მათი თქმით, პროექტის სამივე მონაწილეს დაზიანებები აღენიშნება.