სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა
სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ქოჩარიანის ადვოკატის ალექსანდრე კოჩუბაევის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ვიზიტებიც შეუზღუდეს. მასთან შეხვედრის უფლება მხოლოდ მეუღლესა და შვილებს აქვთ. მანამდე, სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ექვსი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, მისი ვაჟი და სხვა პირები, რომლებიც, უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რობერტ ქოჩარიანმა მასთან დაახლოებულ პირებთან წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა ფიქციური საფუძვლით, სახელმწიფო საკუთრებიდან გამოყო და საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა საზოგადოებრივი და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე არაერთი ძვირადღირებული ქონება.
ანტიკორუფციულმა კომიტეტმა სასამართლოს ასევე მიმართა რობერტ ქოჩარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. თუმცა, სასამართლო სხდომა მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მას შემდეგ გაიმართება, რაც ყოფილი პრეზიდენტი გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებს გაივლის.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში ყოფნისას რობერტ ქოჩარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.