სასამართლომ საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცედურის 24:00 საათამდე გაგრძელების შესახებ ცესკო-ს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
სასამართლომ საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცედურის 24:00 საათამდე გაგრძელების შესახებ ცესკო-ს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, არჩევნების დღის 24:00 საათამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა „საერთაშორისიო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და  ცესკო-ს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობა მოითხოვეს. სასამართლომ არასამთავრობოების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, რომელიც ოთხშაბათია და საქართველოს მასშტაბით უქმედ გამოცხადდება.