სასამართლომ პატიმრების წამების საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე მუხაძე პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ პატიმრების წამების საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე მუხაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრების წამების საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

აღკვეთი ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. ბრალდების მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან, მათი განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების თაობაზე საქმეში არსებითი ახალი გარემოება არ არსებობს.

დაცვის მხარემ კი დღევანდელ სხომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააყენა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა.

შეგახსენებთ, პატიმრების წამების საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე, ხოლო უფლებამოსილების გადამეტებით გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულებად 2014 წლის იანვარში გამოცხადდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, 21 წლის ელდარ ქობალიაზე ზეწოლა და წამება განხორციელდა. ის დაკავებიდან ცხრა დღეში გარდაიცვალა.