ოთხი პირის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ოთხი პირის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ოთხი პირის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „აღა“-ში, ს.ს.-მ იქ მყოფ საზოგადოებას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დანის გამოყენებით  რ.ბ.- ს მარჯვენა ფეხის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც კუნთის დაზიანება გამოიწვია და ჩაუტარდა ოპერაცია, დ.ქ. – ს დაარტყა დანა მარცხენა კოჭის არეში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, მ.მ. – ს მარცხენა მუხლის უკანა ნაწილში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო მ.ბ-ს, ასევე დანის გამოყენებით ფეხისა და წინამხრის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ს.ს. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღის ან იარაღად  სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

ს.ს. წარსულში ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით არის გასამართლებული“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.