სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
ბრალდების მხარის თქმით, ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხეები არსებობდა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, აკო ჭელიძის ადვოკატმა პოზიცია არ დააფიქსირა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო გიორგი კავილაძის უფლებადამცველმა განაცხადა, რომ პროკურატურის პოზიცია არის აზრს მოკლებული და დაუსაბუთებელი. ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებენ.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე.
„იმის გათვალისწინებით, რომ მოპოვებულია ათეულობით მტკიცებულება, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, თუმცა დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა, რომელთა პასუხებიც ჯერ არ არის მიღებული და მათი პასუხების შემდეგ შესაძლებელია, დადგეს მთელი რიგი მტკიცებულებების საკითხი დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და გააგრძელა წინასასამართლო სხდომის თარიღი. რაც შეეხება ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ პატიმრობას, სასამართლომ გაიზიარა ის საფრთხეები, რომლებიც მათი მხრიდან მომდინარეა და ორი ბრალდებული დატოვა კვლავ პატიმრობაში“, – განაცხადა პროკურორმა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი 7 ოქტომბერს დააკავეს.
ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.