სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ გამოძიება დასრულებულია და თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა.

სიტყვის უფლებით ისარგებლა თემურ აბაზოვმაც.

„რეალური არაფერი არ აქვთ. თვენახევარი ტყუილად ვარ დაკავებული. მესამე სასამართლოა ვიმეორებ, რომ ჩემს დაქვემდებარებაში არ არიან ბრალდებულები. ერთი დეპუტატია, მეორე ნათესავი. მე უშიშროების მეცნიერებათა აკადემია, პოლიციის აკადემია დავამთავრე, მთელი ცხოვრება კრიმინალს ვებრძვი. არ ვარ კრიმინალი.
გეტყვით ვინ არის ის ადამიანი, ვინც მედავება. ადამიანი მეექვსე ცოლს გაშორდა. ხან „ქართულ ოცნებაშია“, ხან „ნაციონალურ მოძრაობაში“. საჩივარი ხან შეაქვს, ხან გამოაქვს. ადამიანი, რომელიც სხვებს შეურაცხყოფას აყენებს. სამსახურში არ დადიოდა, ხელფასს იღებდა. რა დროსაც მეტყვით, გამოვცხადდები. ვარ კანონმორჩილი, ასე გავაგრძელებ. მაქვს ოჯახზე მზრუნველობა აღებული და მინდა ოჯახთან ვიყო”,- აბაზოვმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მიმართა.

ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.

საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 20 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ამასთან, დღეს მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ​ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.

დატოვე კომენტარი