მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ​ბრალი დაუმძიმდა
მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ​ბრალი დაუმძიმდა

მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ​ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

ბრალი დაუმძიმდათ ამავე საქმეზე ბრალდებულ გილხამ გულიევსა და რამინ ​ალახვერდიევს. მათ ცემ​ის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური ცემის ბრალდებით შეეცვალათ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვისა და სხვა ბრალდებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.