სასამართლომ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ადვოკატმა, ლადო ქუთათელაძემ განაცხადა, საქმის წარმოება საერთოდ უნდა შეწყვეტილიყო.

„არ არსებობდა არანაირი შემადგენლობა, რომ პატიმრობა გამოყენებულიყო. ჩვენ გავასაჩივრებთ და შევეცდებით, ბოლომდე ვიდავოთ. წარმოდგენილი იყო ვიდეო. შეიძლება, გარკვეული მიმართვა უხეშად იყო, მაგრამ ეს არ იყო შეურაცხმყოფელი. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება. მოწმედ იყო ორი პოლიციელი, რომლებმაც ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს.