სასამართლომ გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის ახალი მტკიცებულებების ნაწილი დასაშვებად ცნო
სასამართლომ გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის ახალი მტკიცებულებების ნაწილი დასაშვებად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის დართვას ითხოვდნენ. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ახალი მტკიცებულებების დართვა საქმის გაჭიანურებას უკავშირდება.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მტკიცებულებათა ნაწილი გამოსაკვლევად დაურთო საქმეს.

„დღეს წარვადგინეთ სასამართლოში ახალი მტკიცებულებები, კერძოდ სახალხო დამცველის აპარატიდან მოპოვებული დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაერთო საქმის მასალებს. მათ შორის, გამოსაყოფი არის ნომერ მერვე დაწესებულების პასუხი სახალხო დამცველს, სადაც ის დასტურdება, რომ 2020 წლის 3 იანვარს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ გამომძიებლებს ციხის ადმინისტრაციამ აცნობა, რომ გიორგი რურუას ადვოკატი იმყოფებოდა საპატიმროში. ანუ გვერდზე ოთახში ყავდათ ადვოკატი მაშინ, როდესაც ეს პოლიციელები სასამართლოში აცხადებდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ სად იყო ადვოკატი. ეს ადასტურებს ორ რამეს. პირველი, ბრალდება არღვევს გიორგი რურუას დაცვის უფლებებს და მეორე, ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან არასწორი ჩვენების მიცემას სასამართლოზე. დღეს დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, მათ შორის, მოწმეთა სიის განვრცობასთან დაკავშირებით, მას დაემატა სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის ერთი თანამშრომელი. თუმცა თუკი ბრალდების მხარე არ გახდის სადავოდ, მათ მიერ ამ დოკუმენტებზე ხელმოწერას, ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ არ გამოცხადდეს, რადგან წერილობით დიკუმენტაციაშია გამოთქმულია მათი მოსაზრება. იგივე დამოკიდებულება გვაქვს ციხის უფროსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა.

„დღეს დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დართვაზე. მათ მიმართეს სახალხო დამცველს და მიიღო გარკვეული წერილობითი დოკუმენტები და სწორედ ამ დოკუმენტების დართვას ითხოვდნენ. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას, რადგან ამ დოკუმენტის ხელმომწერი პირების დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარე და ეს გააჭიანურებდა პროცესებს. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის დასაშვებობა“, – განაცხადა პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.

გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.