სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა გაიმართა.

სხდომაზე დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა და საქმეში არსებული ვიდეომასალა გამოიკვლიეს.

ასევე, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს თანხად 10 000 ლარი შესთავაზა.

ბრალდების მხარე დაყენებულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. პროკურორის განმარტებით, კვლავ არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის საფრთხე.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, შუამდგომლობასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არც ჰქონიათ, რადგან, მისივე შეფასებით, ამ შემთხვევაში სასამართლო მიუკერძოებელი არბიტრი არ არის.

„ჩვენ წინასწარ განვაცხადეთ, რომ არ გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინი ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული ან შუამდგომლობის დაყენების საფუძველი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ სასამართლო არ არის ამ შემთხვევაში მიუკერძოებელი არბიტრი. ჩვენი შუამდგომლობის დასაბუთებით ან პოზიციის დამაჯერებლობით არ იღებს გადაწყვეტილებას ვალერიან ბუგიანიშვილი. ამიტომ, არ გვქონდა მოლოდინი, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდებოდა.

რაც შეეხება პასუხს, როდესაც ჩვენს შუამდგომლობაზე გვეპასუხება ჯერ პროკურატურა, შემდეგ მოსამართლე, ყოველთვის იყენებენ აბსტრაქტულ ფრაზებს – მიიმალება, საზღვარგარეთ კავშირები აქვს. კონკრეტიკა, თუ რატომ მიიმალება, რა გვაძლევს ამის საფუძველს ან რატომ ჩაიდენს ახალ დანაშაულს იმ პირობებში, როდესაც ადამიანი არ არის ნასამართლევი, ეს კონკრეტიკა არ გვესმის ბრალდების მხარიდან, ასევე მოსამართლისგან.

დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვინც იმ პერიოდში იყო. ჩვენ გვქონდა მასთან გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით კითხვები, მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით მან ერთი მხრივ დაადასტურა, რომ ამ საქმეში ვიდეომასალა რომ არსებობდეს, უფრო მყარი იქნებოდა მტკიცებულებების თვალსაზრისით“,- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროკურორ ვასილ სამხარაძის თქმით კი, საქმეში არ არის გამოკვეთილი რაიმე ახალი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

„არაფერი ახალი გარემოება არ არსებობდა. ორი კვირის წინ გადაისინჯა ღონისძიება და მაშინ სასამართლომ ჩათვალა, რომ საფრთხეები კვლავაც არსებობდა. დღეის მონაცემებით, ახალი გარემოება არ გამოვლენილა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პატიმრობა. არსებობდა მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ეს გამოიხატებოდა იმ ქმედებაში, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში. ეს ერთობლივი გარემოებები გვაძლევს იმ მოცემულობას ვთქვათ, რომ გიორგი რურუა წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს, განხორციელდეს ახალი დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა პროკურორმა.

გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საქმის განხილვა 29 ივნისს 11:00 საათზე გაგრძელდება.