სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს ცხრა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს ცხრა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს კი რვა წელი მიესაჯა.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი ბრალდებულები არიან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.

საქმის პროკურორის თქმით, სასამართლოს მიერ მოხდა ბრალდების მხრის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გაზიარება, რის საფუძველზეც გამოტანილ იქნა ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, გამამტყუნებელი განაჩენი.

„ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ფაქტი სახეზეა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა ბრალდებულების, ახლა უკვე მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული. აღნიშნული წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა სამართლებრივად და ამიტომაც იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში არსებული თითოეული ფაქტი, გარემოება ადასტურებს, რომ იყო ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.

თავის მხრივ, ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული.

„მოცემული საქმე წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეს, რისი მტკიცებულებებიც წარმოდგენილი იყო დაცვის მხარის მიერ, დასაბუთებული იყო ჩვენი ეს პოზიცია, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი. ჩვენ მას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და შემდგომ, თუ დაგვჭირდება, სტრასბურგის სასამართლოშიც. პაპიაშვილის ნაწილს რაც შეეხება, ამ საქმეზე არის ერთადერთი ის, რომ ვალის აღიარებაზე აქვს ხელი მოწერილი და გადარიცხული აქვს, თანხა აქვს დაბრუნებული, რაც სამოქალაქო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეზე დადგა დღეს სისხლის სამართლის სასამართლოში განაჩენი“, – განაცხადა ადვოკატმა.