სასამართლომ Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა
სასამართლომ Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა

პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპჯგუფის, Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.

სავარაუდოდ აღნიშნულს უკავშირდება დღეს, 11:00 საათზე ქებურიას ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ დაანონსებული პრესკონფერენცია.

პროკურატურა ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა შენახვას ედავებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ჩატარდა. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

გიორგი ქებურია ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, რეპერ მიშკა მგალობლიშვილთან ერთად, 7 ივნისს დააკავეს და მალევე, 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სააპელაციო სასამართლოდან გაათავისუფლეს. რეპჯგუფის წევრები მათ დაკავებას იმ პერიოდში გადაღებულ კლიპს უკავშირებენ, სადაც პოლიციაა გაშარჟებული.