სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯონ ბოლტონის წიგნის დაბლოკვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სარჩელი
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯონ ბოლტონის წიგნის დაბლოკვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სარჩელი

აშშ-ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სარჩელი, რომლის მიზანი ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლის დაბლოკვა იყო.

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა დაადგინა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ყოფილმა მრჩეველს თავისი წიგნის გამოქვეყნება შეუძლია.

მოსამართლის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ბოლტონის ქმედებები ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მთავრობას არ დაუმტკიცებია, რომ წიგნის გამოცემის აკრძალვა შესაბამისი ზომაა.

16 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა არ დაეშვა მისი მემუარების გამოქვეყნება. იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის თანახმად, ჯონ ბოლტონის წიგნი, რომელიც თეთრ სახლში მისი მუშაობის პერიოდს ეხება, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.

ბოლტონის წიგნი სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ 23 ივნისს უნდა გამოვიდეს, თუმცა მედიაში უკვე გავრცელდა წიგნიდან ამონარიდები. წიგნის 200 ათასი ეგზემპლარი უკვე მიწოდებულია მაღაზიებში.

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაათავისუფლა.