სასამართლომ აეროპორტის ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას გირაოს გადახდისა და პასპორტის ჩაბარების ვალდებულება მოუხსნა
სასამართლომ აეროპორტის ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას გირაოს გადახდისა და პასპორტის ჩაბარების ვალდებულება მოუხსნა

აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდისა და პასპორტის ჩაბარების ვალდებულების გაუქმება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარემ ასევე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ვიდეოკადრების გადაცემის შუამდგომლობა დააყენა, რაზეც მას უარი ეთქვა.

გიგი უგულავას საქმის პროკურორის, თამარ ზაქუტაშვილის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრული მოცულობით დასაშვებად მიიჩნია, რაც ნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს კანონის რომელიმე მოთხოვნა არ დაურღვევია, კანონის სრული დაცვით მოიპოვა მტკიცებულებები, გაუცვალა დაცვის მხარეს და წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„დაინიშნა საქმის არსებითი განხილვის სხდომა, რომელზეც ბრალდების მხარე წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარმოვადგინე თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბრალდების მხარის მიერ არსებითი განხილვის ეტაპზე განხორციელდება მოწმეთა დაკითხვა, გამოკვლეული იქნება როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ასევე კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა. აგრეთვე გამოკვლეული იქნება წერილობითი მტკიცებულებები. მიგვაჩნია, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს წარდგენილი ბრალდების სისწორეს და უტყუარობას. აღკვეთის ღონისძიებას რაც შეეხება, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებული გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს და დამატებითი ვალდებულებების, პასპორტისა და პირადობის ჩამორთმევის ვალდებულების გაუქმება. ბრალდების მხარე დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას. სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა. პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულისთვის შეფარდებული იქნა გირაო 2000 ლარის ოდენობით და დაეკისრა პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარების ვალდებულება. თუმცა, ბრალდებულს ეს პირობა არ განუხორციელებია, არც პასპორტი ჩაუბარებია გამოძიების ორგანოსთვის და არც გირაო გადაუხდია“, – განაცხადა პროკურორმა თამარ ზაქუტაშვილმა.

გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 19 მარტს დაინიშნა.

დატოვე კომენტარი