სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებულ ხუთ პირს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არის ცოტნე ჩიხლაძე, რომელიც ბრალდებულია საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში.
მოსამართლე გიზო უბილავამ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძის ადვოკატი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოთი გამოშვებას ითხოვდა.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
მედიის წარმომადგენლების, მათ შორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს პროკურატურამ ბრალდება დღეს წარუდგინა.