სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს
სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებიან. შეხვედრის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა მოხდება და სამომავლოდ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს იმსჯელებენ როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე.

მისივე თქმით, ქართულმა სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები შინაარსობრივი თვალსაზრისით უნდა გაითვალისწინოს და გაიზიაროს.

„დღევანდელი შეხვედრა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების იმ პუნქტს ეძღვნება, რომელიც ქართველი მოსამართლეების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას ითვალისწინებს.

დღეს ქართული სასამართლო ამ გადაწყვეტილებებს ნამდვილად იყენებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ფორმალური ხასიათი აქვს, როცა გადაწყვეტილებას უთითებენ, მაგრამ ვერ ასახავს ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს.

დღეს საუბარია იმაზე, რომ როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენება მოხდეს და რაც მთავარია, მოხდეს დასაბუთება – მათი შინაარსისა და არა ფორმალური ნაწილის გათვალისწინება.

ქართულმა სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები შინაარსობრივი თვალსაზრისით უნდა გაითვალისწინოს და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ გაზიარებული უნდა იყოს ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფუნდამენტურ უფლებებს იცავს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.