სასამართლო „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმის, უკანონოდ შეჭრისა და „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარის დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

სახელმწიფო ბრალდება სხდომაზე სამივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პროკურორების განცხადებით, არსებობს ფაქტობრივი გარემოებები: ახალი დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებების განადგურება და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატთა ნაწილი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

სამ პირიდან ორი – ალიკა ალაზოვი და გიორგი ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ, რაც შეეხება გიორგი ოძელაშვილს, ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.

ალიკა ალაზოვს, გიორგი ელიზბარაშვილს და გიორგი ოძელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.