სასამართლო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო მალხაზ ტოხოსაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ტოხოსაშვილი იმ გამოძების ფარგლებში დააკავა, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე აწარმოებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე წაუყენეს. ამასთან, მისი საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკისას „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები ამოიღეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო ვაზნებიც.

ბრალდების მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს და ამბობს, რომ არსებობს როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

„ბრალდებულს დღეის მდგომარეობით წარდგენილი აქვს ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ეს გახლავთ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა. გარდა ამისა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სხვა მიმართულებით მიმდინარეობს, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზე. შესაბამისად, მომავალში იმის მიხედვით, თუ რას დაადგენს გამოძიება, არ არის გამორიცხული, რომ მას ბრალი დაუმძიმდეს. თუმცა, ამ ეტაპზე, წარდგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“, – განაცხადა პროკურორმა, ნანა ხუნჯუამ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი კახა ყავლაშვილი მალხაზ ტოხოსაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

პირველი არხის ინფორმაციით, ტოხოსაშვილი შესაძლოა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველ ვიდეოსთანაც იყოს კავშირში, რომელიც დღეს „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა, თუმცა ჯერჯერობით, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

რაც შეეხება მუქარის შემცველ მიმართვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვიდეოს შესახებ გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დატოვე კომენტარი