სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღა იუსტიციის საბჭოს საქმიანობასა და იუსტიციის სკოლის რეფორმას ითვალისწინებს
სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღა იუსტიციის საბჭოს საქმიანობასა და იუსტიციის სკოლის რეფორმას ითვალისწინებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღა მზადდება. ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია კოალიცია – „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საკანონმდებლო წინადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმის მომზადების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი და უმჯობესია, აღნიშნული ინიციატივის განხილვა ერთიან ჭრილში მოხდეს.

„ამ რეფორმის ფარგლებში მოაზრებულია იუსტიციის საბჭოს საქმიანობა და იუსტიციის სკოლის რეფორმა. ამიტომ, ეს წინადადებები კონტექსტიდან ამოგლეჯილი რომ არ იყოს, დიდ ჯგუფს გადავეცით, სადაც წარმოდგენილია ყველა შტო, მათ შორის არასამთავრობო სექტორი”, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესზე იმსჯელებენ. კომიტეტს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარუდგენს.

წინადადების გათვალისწინებით, მოსამართლეობის კანდიდატების ქულებით შეფასება დასაბუთებული უნდა გახდეს და კანდიდატების შეფასების დეტალური წესი დადგინდეს. ასევე ცვლილებებით, კენჭისყრის პროცედურა უნდა გაუქმდეს და მოსამართლის თანამდებობაზე საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი უნდა დაინიშნოს.

ამას გარდა, წინადადებით, მოსამართლეთა დანიშვნის ყველა ფორმისთვის, როგორც გამოსაცდელი ვადის, ასევე უვადოდ დანიშვნისას მოსამართლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმი უნდა დადგინდეს. იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმება, მას კანონპროექტის სახეს მისცემს და მის ინიცირებას მოახდენს.