სასამართლო „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
სასამართლო „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ნიკა მელიას ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული საქმე ხელისუფლების მხრიდან ნიკა მელიას პოლიტიკური პროცესებიდან განრიდების მოკლე გზაა.

„ჩვენი თვალთახედვით ხელისუფლებამ აირჩია ნიკა მელიას პოლიტიკური პროცესებიდან განრიდების მოკლე გზა და ამოიღეს შვიდი წლის წინანდელი საქმე, ე.წ. „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე, სადაც დაახლოებით 25 ადამიანს შეუწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და დღეს, როდესაც ჩვენ უნდა განგვეხილა ნიკა მელიასთან მიმართებით უკანონოდ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საკითხი, ვინაიდან სახალხო დამცველმაც მიმართა რეკომენდაციით სასამართლოს, გუშინ შეგვატყობინეს, რომ შვიდი წლის წინანდელ საქმეზე სასამართლო 2 დეკემბერს 09:30 საათზე გამოაცხადებდა განაჩენს“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.

სახელმწიფო ბრალდება „ბანკ ქართუს“ გაკოტრების მიზნით წინა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის მიერ შეთანხმებულ და ორგანიზებულ მცდელობას ნიკა მელიას, ზურაბ ადეიშვილს და კიდევ ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს ედავება.

ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, დღეს ასევე გაიმართება სხდომა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი ბრალდების გაუქმებასთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, ეს ბრალდება აბსურდულია და უკანანოდ არის გამოყენებული.

„ე.წ გავრილოვის ღამის სისხლის სამართლის საქმესთან ნიკა მელიას ბრალდება არის ძალიან აბსურდი. აღკვეთის ღონისძიება უკანონოდაა გამოყენებული და აღნიშნულ საქმეს დაახლოებით ერთწლიანი განხილვა სჭირდება. ეს საქმე რომ იყოს სამართლებრივი, ლოგიკური მოლოდინი გვექნებოდა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ვინაიდან აშკარაა პოლიტიკური შემადგენელი, ვერავითარ ლოგიკურ სამართლებრივ მოლოდინზე საუბარი ვერ გვექნება“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობას ედავება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.