სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს
სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. სასამართლო სხდ​ომა 12:00 საათისთვის არის დანიშნული.

დ.ღ.-ს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, რის შემდეგაც, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მიმართა.

პროკურატურა დაკავებული არასრულწლოვანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, ისინი არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვენ, თუმცა შუამდგომლობის დეტალებს სასამართლოს სხდომამდე დაკავებულის ახლობლებთან ერთად დააზუსტებენ.

დ.ღ.-ს გამოძიება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოძიებისა და სასამართლოსთვის სხვადასხვაგვარი ჩვენების მიცემას ედავება. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამასაც, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ადვოკატების ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ. მათი თქმით, ეს ეხება ზაზა სარალიძესთან შეხვედრას. მისი თქმით, შეხვედრა ზაზა სარალიძის თხოვნით არ გაახმაურა.