სასამართლო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს
სასამართლო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი გრძელდება. დღეს სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს.

სასამართლოს ეზოში საქმის პროკურორის გამოჩენას ხმაურით შეხვდნენ ადგილზე შეკრებილი პოლიტიკოსები და აქტივისტები. მიხეილ სადრაძე სასამართლო დარბაზში შეძახილებით – „მონა“ შეაცილეს.

„საქმეზე ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გამოძიება გრძელდება. შესაბამისად, კანონმდებლობის წესით უნდა განიხილოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხი. ჩვენი პოზიცია არის, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში, რადგან მათი როგორც გამოძიებაში, ასევე მართლმსაჯულებაში მონაწილეობის საფრთხეები მაღალი ხარისხით არსებობს და დარწმუნებული ვარ, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ საქმეზე გამოძიება გაგრძელდება და ჩვენი პოზიცია იქნება კატეგორიული, რადგან ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიან და გაათავისუფლებენ.

„იმედი მაქვს, რომ ალბათ გამოუშვებენ, რადგან ამდენი ადამიანი უდგება თავდებში. ისედაც სად გამქცევები არიან, ან რატომ უნდა გაიქცნენ, მართალი ხალხი არიან. იმედი გვაქვს, რომ გამოუშვებენ. დიდი იმედით ვართ მოსულები. ძალიან დიდი მადლიერი ვარ ამ ხალხის. ეს არის ის საყრდენი, რაც მაძლევს ძალას, რომ ვიფიქრო, ყველაფერი კარგად დამთავრდება“, – განაცხადა თამარ სულაძემ.

სასამართლო პროცესს თავად დაკავებულები არ ესწრებიან. ისინი პროცესზე ონლაინ ჩაერთვებიან.