სასამართლო დავა „დენ ბოსხსა“ და კახი ჟორდანიას შორის გრძელდება #1TVSPORT
სასამართლო დავა „დენ ბოსხსა“ და კახი ჟორდანიას შორის გრძელდება #1TVSPORT

ნიდერლანდური საფეხბურთო კლუბის, „დენ ბოსხისა“ და მისი ყოფილი სპონსორის, კახი ჟორდანიას სასამართლო დავა კვლავ გრძელდება. გაზაფხულზე, სასამართლომ დაადგინა, რომ კლუბმა ქართველ ბიზნესმენს 240 000 ევრო უნდა გადაუხადოს, თუმცა, უცნაურია, რომ თავის მხრივ, ჟორდანიასგან კომპენსაციას თავად საფეხბურთო კლუბიც ელის. ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა Brabants Dagblad წერს.

„კლუბში მიიჩნევენ, რომ სასამართლომ გაზაფხულზე მისი წინადადებები არასწორად უარყო და ელოდება, რომ სასამართლო დავის შემდეგ, ჟორდანიასგან თანხას თავად მიიღებენ და საქმე საფეხბურთო კლუბის სასარგებლოდ გადაიხრება. ჟორდანია „დენ ბოსხს“ 2018-2019 წლებში აფინანსებდა, რაც მიზნად ისახავდა, რომ საბოლოოდ, კლუბის მფლობელი გამხდარიყო, მაგრამ ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის კავშირის სალიცენზიო კომიტეტისგან ნებართვა ვერ მიიღო და დაუყოვნებლივ ინვესტიციების დაბრუნება მოითხოვა. მხარეები სასამართლოში საქმეს არკვევენ. ჟორდანიამ „დენ ბოსხს“ 2 მილიონი ევრო მოსთხოვა, თუმცა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე 9 მარტს თითქმის შვიდსაათიან სხდომაზე სამმა მოსამართლემ საკითხი განიხილა და კლუბს მხოლოდ 240 ათასი ევროს გადახდა დაავალდებულა“, – წერს გამოცემა.

Brabants Dagblad ის ცნობით, საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ ჟორდანიას თავად აქვს კლუბის ვალი და რეალურად, თანხის გადახდა არც სურთ: 

„ეს ეხება იმ ფეხბურთელების ხარჯებს, რომლებიც ქართველი კრედიტორის ინიციატივით მოიზიდეს, მაგრამ საბოლოოდ, თანხა აღარ გადაიხადა. პირველ ინსტანციაში სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ „დენ ბოსხი“ ნამდვილად დაზარალდა, მაგრამ თანხის ოდენობა ჯერ არ დადგენილა. კლუბში კი აცხადებენ, რომ ყოფილმა ინვესტორმა 240,000 ევროზე მეტი უნდა გადაიხადოს“.

ამავე დროს, მხარეების მორიგების მცდელობაც იყო: 

„ბოლო თვეების განმავლობაში, „დენ ბოსხმა“ წარუმატებლად სცადა მოლაპარაკება ყოფილ დამფინანსებელთან, რომელიც საფეხბურთო კლუბის აზრით, ვითარებას უნდა შეეგუოს. შემოთავაზებები და კონტრ-წინადადებები გაცვალეს, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა. სასამართლომ კი მხარეებს შეთანხმება დაავალა და თუ ეს არ მოხერხდება, საკითხის განხილვა დაიწყება. იმავდროულად, ზაფხულიდან „დენ ბოსხი“ ამერიკელი აქციონერების ჯგუფის ხელშია, რომლებმაც კლუბის აქციების უმეტესი ნაწილი გამოისყიდეს. ამრიგად, ბოლო წლების ფინანსური პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ჟორდანიას საქმეზე წარმატებული გასაჩივრება კი საფეხბურთო კლუბისთვის ახალ იმპულსს ნიშნავდა“.