სასამართლო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
სასამართლო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კუდ-ის ყოფილი ჩინოსნის, გიორგი მერებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ამავე საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ კუდ-ის ყოფილ ჩინოსნებს – ლევან შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე უკვე აქვთ თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

ადვოკატ კახა ხვისტანის განცხადებით, მერებაშვილი ორი დღის წინ დააკავეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 2012 წლის შემდეგ ამ საქმეზე დაკითხული არ ყოფილა. ბრალდება არის აბსურდული – ისეთი რეზონანსული საქმის მკვლელობის მომზადება ასე სუსტად, ასე უსუსურად და შემდეგ კაცზე ბრალის წარდგენა სასამართლოში სცილდება ყველანაირ ნორმას.

არცერთი პირის პირდაპირი ჩვენება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი მერებაშვილის მიმართ პროკურატურის მასალაში არ მოიპოვება. მას ედავებიან მკვლელობის მომზადებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. მერებაშვილი გუშინწინ სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახლიდან აიყვანეს“, – განაცხადა კახა ხვისტანმა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი გუშინ წარედგინა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს და არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას. საქმის მასალები გადმოგვეცა გუშინ, დღის მეორე მახევარში. ე.წ მთავარი მტკიცებულება – აუდიოჩანაწერი ფალსიფიცირებულია და დანაშაულის ნიშნები მათ ქმედებებშიარ იკვეთება. ეს არის 2007-2008 წლის საქმე. ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ ვაყენებთ. ფონოსკოპიური ექსპერტიზა გაკეთებულია ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით 2016 წელს. თუ პროკურატურამ იცოდა, რომ ეს დანაშაულის ნიშნები იყო კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ, რატომ არ მოხდა ბრალის წარდგენა ორი წლის უკან და რატომ მოხდა მაინცდამაინც დღეს. ეს ძალიან დიდ ეჭვს იწვევს და ფაქტობრივად, ჩემთვის გასაგებია, ვინაიდან ვუკავშირებთ იმ მოვლენებს, რაც დღესდღეობით ხდება ქვეყანაში. სურთ, რომ აღნიშნული საქმით გადაფარონ, ვინაიდან რეზონანსული საქმეა და მაღალჩინოსნებზეა საუბარი“, – განაცხადა ქეთი მირიანაშვილმა.

რევაზ შიუკაშვილს ფარული ჩანაწერების საქმეზე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.