სასამართლო ალეკო ელისაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო ალეკო ელისაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდების მხარე ელისაშვილის მიმართ დაპატიმრების შეფარდებას ითხოვს. პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ელისაშვილი, შესაძლოა, მიიმალოს, გავლენა მოახდინოს მოწმეებზე, ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ დაპატიმრება.

მისივე განცხადებით, ელისაშვილი პოლიტიკური ნიშნით თავს დაესხა „ქართული ოცნების“ წევრს.

რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას, ის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ძალადობა ალი ბაბაევისგან მოდიოდა, რომელიც ელისაშვილს შემთხვევით შეხვდა. გიორგი რეხვიაშვილის თქმით, მანამდე ბაბაევი პოსტებს და კომენტარებს წერდა და ელისაშვილს ემუქრებოდა მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის გამო.

როგორც ადვოკატი ამბობს, ელისაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მისი თქმით, დაკავებისას მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორტიარდ მარიოტთან“ ბარიერგადალახული პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ალეკო ელისაშვილმა „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.