სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება
სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება

სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მზად არიან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინონ და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ.

„რეკომენდაციების შემუშავების პროცესში საქართველოს რკინიგზაც იყო ჩართული. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია. კერძოდ, ვაგონოს შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარებით. მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე და მგზავრობის პერიოდში არ აქვთ ნიღბის მოხსნის უფლება“, – განმარტა საქართველოს პირველ არხთან „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის უფროსმა, ნიკა კაჭარავამ.

ამასთან, როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მოხდა სავენტილაციო სისტემის შემოწმება და შესაბამისმა სამსახურებმა დადეს დასკვნა, რომ სავენტილაციო სისტემის გამოყენება მატარებლებში საფრთხის შემცველი არ არის.

კონდენცირება-ვენტილაციასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მოხდა არსებული სისტემების შემოწმება და შესაბამისმა სამსახურებმა დადეს დასკვნა, რომ სისტემა ჰაერს იღებს გარედან, ხდება ამ ჰაერის ფილტრაცია ულტრაიისფერი სხივების საშუალებით, ყველა მიკრობისა და ბაქტერიის განადგურება. შესაბამისად, აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება ჩვენი მატარებლები“, – განაცხადა ნიკა კაჭარავამ.

რაც შეეხება სამგზავრო ბილეთის ფასს, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.