სარფში თურქეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა გაიხსნა
სარფში თურქეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა გაიხსნა

სარფში დღეს თურქეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა გაიხსნა.

საბაჟოს შენობის გახსნას თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჩანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ასევე თურქეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრები გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ, მანამდე კი, შეხვედრა სტამბულში გამართეს.

„ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის ყველაზე მასშტაბური სახმელეთო გამშვები პუნქტი. 30 წლის წინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ სარფი ამ მასშტაბებს მიაღწევდა. დღეს ასევე, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ორი ქვეყნის პარტნიორობაზე ისაუბრა და გიორგი ქობულიას მადლობა გადაუხადა.

„საქართველო ჩვენთვის არის ყველაზე სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორი, აზიისა და ევროპის კარიბჭე, ტვირთების უზარმაზარი პოტენციალით. მინდა, მადლობა ვუთხრა გიორგი ქობულიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, რუჰსარ ფექჩანმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე სარფის მოდერნიზებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სარფს აქვს ისტორიული დატვირთვა. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. საქართველო და თურქეთი არიან მეგობარი ქვეყნები და ეს სიახლე ურთიერთობას კიდევ უფრო განავითარებს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალი შენობა 45 ათასი კვადრატული მეტრია და 12 კორიდორი აქვს. განცალკევებულა ტრანსპორტისა და მოქალაქეთა გასასვლელები. მოქმედებს ესკალატორები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სარფის საბაჟოს ახალი შენობის მშენებლობისთვის 150 მილიონი ლირა დაიხარჯა.