„სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა
„სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

„საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის დროებითი შეზღუდვა მოიხსნა, საზღვარზე გადაადგილება ორმხრივად აღდგენილია“, – აცხადებენ შსს-ში.

დღეს, „სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტთან ახლოს თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც სარფი-ტრაპზონის მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალა.

ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაახლოებით ორსაათიანი შეფერხების შემდეგ სარფის საბაჟო ამ წუთებში გაიხსნა.

ამ დროისთვის საბაჟოზე რიგია. ქართული მხარე საზღვრის გადაკვეთის მსურველებსა და ავტომობილებს ეტაპობრივად ატარებს.